ქართული ქსოვილი

ქართული ქსოვილი

ამ ბლოგში მოგითხრობ, როგორ გავაცოცხლე უძველესი ქართული ქსოვილის უნიკალური მოხატულობები.

ქართული თემატიკა ჩემთვის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანია. არაერთხელ მიმიძღვნია კამპანია ძველი თუ თანამედროვე ქართული მოვლენებისათვის. ფერები, ორნამენტები, პატერნები, უნიკალური და საინტერესო მოხატულობებიც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, შემოთავაზებისთანავე დიდი სიხარულით ჩავერთე თიბისისა და ხელოვნების მუზეუმის ერთობლივ პროექტში - „ქართული ქსოვილი“, რომლის ფარგლებში ისტორიული მემკვიდრეობა ჩემი ბრენდის ხასიათში გავაცოცხლე.

მჯერა, რომ კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი განძია. მისი დაცვისა და შენახვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი კი სიძველის თანამედროვედ ინტერპრეტირებაა. ჩვენს ყოველდღიურობასთან ჰარმონიულად დაკავშირებული წარსული იმის მანიშნებელია, რომ მემკვიდრეობა მომავალშიც იარსებებს.

ამასთან, ვფიქრობ, ჩვენს დინამიკურ გარემოსთან ერთად, მემკვიდრეობაც უნდა ვითარდებოდეს, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ასე მუდმივად გადავიაზრებთ არსებულს და გამეორების ნაცვლად, შევქმნით ახალსა და საინტერესოს. ამიტომ, გადავწყვიტე, ძველი ორნამენტები არამხოლოდ თანამედროვე პროდუქტებისთვის მომერგო, არამედ ამ ორნამენტებზე დაყრდნობით, ჩემი გემოვნებისა და სტილის მიხედვით, ახლებური მოხატულობები შემექმნა. 

რთული იყო არჩევა, რადგან, მართლაც, თითოეული ორნამენტი უნიკალურია, როგორც ფორმითა თუ წყობით, ასევე, ფერთა პალიტრით. თუმცა, შევეცადე, მოხატულობები არამხოლოდ ვიზუალური, არამედ შინაარსობრივი კუთხითაც შემერჩია. შედეგად, უპირატესობა მივანიჭე იმ ფორმებსა და გამოსახულებებს, რომლებიც რაღაც მხრივ უკავშირდებოდა  ჩემი ბრენდის მახასიათებლებს.

პროდუქტებს სახელები ორნამენტების ასოციაციისა და ისტორიის ინსპირაციით შევურჩიე.

„ირმის ნახტომი“
Giovanni_Morra_Patternმამაკაცის ეს კაბა წალენჯიხის ტაძარში გამოსახულ ქტიტორ აფაქიძის სამოსის მიხედვითაა შექმნილი და მოხატული. დანახვისთანავე ჩემი ყურადღება ირემმა მიიქცია, რომელიც ქართულ კულტურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ირემი ხშირად გვხვდება ჩვენს არქიტექტურაში (ტაძრების რელიეფებსა თუ ბარელიეფებზე), ლიტერატურაში და სხვ. თანამედროვეობაში ირემი ხშირად თავისუფალი სულის მეტაფორაა. სწორედ ამ  ისნპირაციით შევქმენი „ირმის ნახტომის“ პროდუქტები:

ქართული_ქსოვილი

„ცეცხლოვანი როჭო“

მარტვილის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გამოსახული ლიპარტიანის ქალი ხვარაშანის ჩაცმულობიდან კი როჭომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მომეჩვენა, რომ ეს გამოსახულება მე-12 საკუნისთვისაც უნიკალური და კონცეპტუალური იყო და გადავწყვიტე „ცეცხლოვანი როჭოს“ მოხატულობით ნატურალური აბრეშუმის შარფი და საგულე შემექმნა.

Giovanni_Morra_Pattern

ქართული_ქსოვილი 

„ლეგა მაგნოლია“

ცხადი იყო, გულგრილად ვერ ჩავუვლიდი შალვა ქსნის ერისთავის ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი კაბას, რომელსაც, ჩემი ინტერპრეტაციით ულამაზესი მაგნოლიები ამშვენებს. ამგვარ მოსართავს ქულაჯას ეძახდნენ, და მას თავად-აზნაურები ახალუხის ზემოდან იცვამდნენ ჩოხის გარეშე, ცხენოსნები კი ბრძოლის, ჯირითის ან თამაშის დროს. მაგნოლიამ ჩემი არაერთი პროდუქტი დაამშვენა და ამ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდაც იქცა.

Giovanni_Morra_Pattern
ქართული_ქსოვილი

 

„გულისსწორი“

აქსესუარები შევქმენი გელათის ღვთისმშობლის მთავარ ტაძრის ფრესკის ინსპირაციითაც, რომელზეც გამოსახულია იმერთა მეფე გიორგი II, დედოფალი რუსუდანი და უფლისწული ბაგრატი. იმერეთის მონარქთა ტანსაცმელი და განსაკუთრებით ქსოვილი მდიდრულია. სავარაუდოდ, ქსოვილის ეს ორნამენტი ადგილობრივი იყო და ის მხოლოდ სამეფო ტანსაცმლისთვის გამოიყენებოდა. გულისსწორმაც, უკვე შეძლო არაერთი ადამიანის გულის მოგება.

Giovanni_Morra_Pattern
ქართული_ქსოვილი

 

„წითელი ლოტუსი“

„წითელი ლოტუსის“ აქსესუარები მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე გამოსახული მეგრელი დედოფლის სამოსის ნაქარგის მოტივებზე შევქმენი. ჩემი თანამემაულე, იტალიელი მისიონერის, კრისტოფორო დე კასტელის ჩანაწრებში ვკითხულობთ, რომ მეგრელი დედოფლის სამოსი „ზემოთ და ქვემოთ უმშვენიერესად ოქროკემსულია, ძვირფასი თვლებით მორთული. სამკერდის, ქამრისა და სამკლავეების ასეთი შემოჭერილობა ქალს წერწეტას აჩენს. გვირგვინი ლამაზი მძივებითაა დატვირთული.“  ვინაიდან, ამ მდიდრული მეგრული ხასიათის მეტწილად შენარჩუნება მინდოდა, მოხატულობა თითქმის იგივე დავტოვე, თუმცა ჩემებური  ხელწერა, ცხადია, დავურთე.

Giovanni_Morra_Pattern

ქართული_ქსოვილი

„თვალ-მარგალიტი“

პროდუქტები შექმნილია გელათის ფრესკაზე გამოსახული უცნობი ქტიტორის თვალ-მარგალტით მორთული მოსასხამის მოტივებზე.  XV საუკუნის შემდეგ საქართველოში, იშვიათი შემთხვევების გარდა, თითქმის აღარ გვხვდება ქსოვილის ასე მდიდრულად მორთვის წესი. მართალია, ახლებურად, თუმცა 21-ე საუკუნეში, თვალმარგალიტით ისევ დამშვენდა ჩვენი ყოველდღიური აქსესუარები.

Giovanni_Morra_Pattern
ქართული_ქსოვილი

„მზის თვალი“

ეს ორნამენტი შექმნილია ღვთისმშობლის შობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული უცნობი ქტიტორის მოსასხამის მოტივებზე. ამ საინტერესო გამოსახულებამ ჩემში მზისა და თვალის ასოციაცია ერთდროულად აღძრა, ამიტომ სახელიც მარტივად შევურჩიე -„ მზის თვალი“. 

ცხადი იყო, რომ მზის თვალთან შინაარსობრივად ყველაზე ახლო მდგომი პროდუქტი - საძილე ნიღაბი უნდა დამემზადებინა. სხვადასხვა, ასევე ქართულ ორნამენტთან ერთად, მზის თვალით ნატურალური აბრეშუმის შარფიც გავაფორმე.

Giovanni_Morra_Pattern
ქართული_ქსოვილი

ქართული_ქსოვილი

ქართულ ტრადიციულ ორნამენტს ანალოგი არ მოეძებნება. მასში ევროპული და აზიური გავლენები იყრის თავს, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. ამ ყველაფრის ახალი ინტერპრეტაციით ისე წარმოდგენა, რომ ორიგინალურ ნამუშევართან კავშირი არ დაკარგულიყო და ამასთანავე, თანამედროვე ტენდენციებსაც მორგებოდა, ადვილი ამოცანა არ იყო. ამიტომ, თითოეულ ნამუშევარს დიდი  სიფრთხილით მოვეკიდე.


იმედი მაქვს, მოვახერხე მომხამერებლებისთვის ახალი და საინტერესო კოლექციის შექმნა, რომელიც მათთი შინაგანი ხმების გაჟღერების მორიგი ინსტრუმენტი გახდება.


შემდეგ წაკითხვა

Virtual Accessories
კორპორატიული მიმართულება